19 ოქტომბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალის მატჩები გაიმართება.
როგორც იცით, „ტორპედოს“ მეტოქედ პირველლიგელი ვანის “სულორი“ ერგო. ქუთაისელები სტუმრად, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.
ერთობ შთამბეჭდავი გამოდგა „სულორის“ სვლა მეოთხედფინალამდე. ვანელებმა სამი მეტოქე ჩამოიცილეს, მათ შორის ორი უმაღლესლიგელი. შესარჩევ ციკლში „რუსთავთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ, „სულორმა“ ჯერ „ზუგდიდი“ გამოთიშა (1:0) სათასო ბატალიებიდან, შემდეგ კი ლანჩხუთის “გურიაც“ (3:1). აქვე ვიტყვით, ვანელებმა სამივე თამაში საკუთარ მოედანზე ჩაატარეს.
„სულორის“ რიგებში საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია. 11 მათგანს სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში უთამაშია და ზოგიერთს “ტორპედოშიც“, კერძოდ, გაგა ჩხეტიანს და ნიკა კვასხვაძეს, ჩვენი გუნდის კიპერის, როინ კვასხვაძის ძმას. გაგა ჩხეტიანს ქართული კლუბების გარდა უცხოეთშიც, ისრაელში უთამაშია. ჩხეტიანი და ნიკა კვასხვაძე, როგორც იცით, ქუთაისელები გახლავან, ისევე, როგორც ვანელთა ძირითადი შემადგენლობის კიდევ რამდენიმე მოთამაშე - ირაკლი გვეტაძე, ვილენ ჭრელაშვილი, ოთარ ტორაძე, ირაკლი ჭანკვეტაძე, გიგა ამბროლაძე. აღსანიშნავია, რომ ჩხეტიანის გარდა, უცხოეთში მოსინჯული აქვს ძალა გიორგი ფირანაშვილსაც, რომელიც “სულორში“ დაბრუნებამდე გერმანული მე-4 ბუნდესლიგის “კობლენცში“ ირჯებოდა.
მოგეხსენებათ, “სულორი“ პირველ ლიგაში ასპარეზობს. გუნდი „წითელ“ ჯგუფშია წარმოდგენილი და სატურნირო მდგომარეობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის, რადგან ამ დროისთვის 9 ქულით ( 3 ქულა დაკლებული აქვს) ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. მიუხედავად ამისა, გუნდმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და იოლ გასეირნებას მასთან არავინ უნდა ელოდოს, მით უმეტეს, როდესაც შინ თამაშობს და ქომაგთა მხარდაჭერა არ აკლია.
ერთი სიტყვით, სათასო „სულორი“ - „ტორპედო“ საინტერესო სანახაობა უნდა გამოდგეს.
ახლა კი ურთიერთ შეხვედრებზე. „სულორს“ ეროვნული უმაღლესი ლიგის ორ ჩემპიონატში (1991 და 1991-1992 წ.წ) აქვს მონაწილეობა მიღებული და „ტორპედოსთანაც“ სწორედ მაშინ მოუწია თამაში.
პირველად 1991 წლის 20 მარტს ვანში მეტოქეებმა ფრედ, 1:1 ითამაშეს. მასპინძელთაგან დავით პაიკიძემ გაიტანა, ხოლო სტუმართაგან მამუკა ხუნდაძემ. თუმცა ამ მატჩის შედეგი ანულირებული იქნა. ტორპედოელებმა სამი მინდვრის მოთამაშის ცვლილება განახორციელეს, მაშინ, როცა დებულებით ორი მინდვრის მოთამაშის და მეკარის შეცვლა იყო დაშვებული. დაინიშნა გადათამაშება და... 27 მაისს „სულორმა“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - 5:1. ვანელთაგან 2 ბურთი ჯუმბერ ბუიშვილმა გაიტანა, თითო - დავით პაიკიძემ, ემზარ ხურცილავამ და ჯიმშერ ვერულაშვილმა. ტორპედოელთაგან გოლის ავტორი თემურ ფაიქიძე იყო.
მომდევნო ჩემპიონატის პირველ წრეში, 26 ნოემბერს „სულორმა“ შინ ისევ დაამარცხა „ტორპედო“ - 1:0. ბურთი დავით ორმოცაძემ გაიტანა. მე-2 წრეში, 20 ივნისს ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ტორპადოელებმა საკუთარ არენაზე ვანელებთან რევანში აიღეს - 4:1. მაშინ „ჰეთ თრიკით“ თავი დავით ჯანაშიამ გამოიჩინა, მეტოქეს ერთიც მამუკა ხუნდაძემ გაუტანა. სტუმართაგან ერთი საპასუხო ჯიმშერ ვერულაშვილისა გახლდათ.