„ტორპედო“ ქუთაისი  - დიდი ტრადიციების გუნდი

საფეხბურთო გუნდი სახელწოდებით „ტორპედო“ ქუთაისში პირველად 1945 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, როდესაც მშენებარე საავტომობილო ქარხნის სამოყვარულო გუნდმა საქალაქო პირველობაზე მიიღო მონაწილეობა  და სხვა გამოცდილ კოლექტივებთან პაექრობაში  პირველი ადგილი დაიკავა.  ოფიციალური სახე გუნდმა მომდევნო წელს მიიღო და კიდევ ორჯერ მოიგო საქალაქო პირველობა. 1989 წლამდე „ტორპედო“  წარმოადგენდა საავტომობილო ქარხნის სპორტკლუბ „კოლხიდას“.

1948-1958 წლებში ასპარეზობდა საქართველოს პირველობაზე, 1949 წელს მოიპოვა რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტული.

სსრ კავშირის ჩემპიონატებში გამოდიოდა 1959-1989 წლებში, აქედან 1959-1961 წლებში - „ბ“ კლასში; 1962 - 1970, 1982- 1983, 1985 -  1986 წლებში - უმაღლეს ლიგაში; 1971–1981, 1984, 1987, 1989 წლებში - პირველ ლიგაში;, 1988 წელს - მე-2 ლიგაში

მთლიანობაში საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 1137 მატჩი, აქედან  უმაღლეს ლიგაში 439 მატჩი, რომელთაგან 104 მოიგო, 129 ფრედ დაასრულა და 206 წააგო, გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება - 395 : 655. საუკეთესო შედეგი - მე-11 ადგილი (1985 წ.)

 უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი იუზა ლოსაბერიძემ  ჩაატარა - 202, ყველაზე მეტი ბურთი ჯუმბერ ხაჟალიამ გაიტანა - 48.

საკავშორო ჩემპიონატებში თამაშების რაოდენობით რეკორდსმენი შოთა ოქროპირაშვილია - 430.

 1967 წელს  „ტორპედომ“  გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ პრიზის -  „ენძელას“ გათამაშების ფინალში ითამაშა (0:1 მოსკოვის „დინამოსთან“).

პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი “ტორპედომ“ 1959 წლის 21 აპრილს ქუთაისში შვედურ „სუნდსვალთან“ გამართა და 3:0 მოიგო. საბჭოთა პერიოდში ტორპედოელებს გაუმართავთ ტურნეები ავღანეთში, ირანში, აფრიკულ ქვეყნებში, ბულგარეთში, რუმინეთში, ყოფილ გდრ-ში, ნეპალში, ლაოსში, ჩრდილოეთ კორეაში, ინდონეზიაში, ვიეტნამში. სხვადასხვა წლებში შენახვედრი არიან აგრეთვე დანიურ, პოლონურ, ყოფილი იუგოსლავიის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, ბრაზილიის, თურქეთის,  უნგრეთის კლუბებს.

„ტორპედოში“ თამაშისას საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში მიწვეულნი იქნენ მეკარე რამაზ ურუშაძე,  ნახევარმცველი სერგო კუტივაძე და თავდამსხმელი ჯემალ ხერხაძე. მათ  გარდა ეროვნულ და სხვა ნაკრებ გუნდებში ნათამაშევი აქვთ „ტორპედოში“ დაოსტატებულ ფეხბურთელებს: გურამ ცხოვრებოვს, რომან სირაძეს, რევაზ ძოძუაშვილს, მურად ზადიკაშვილს, რევაზ ჭოლაძეს, ძმებ გივი და ლევან ნოდიებს, შოთა ოქროპირაშვილს, ბადრი ფარულავას, ოთარ გაბელიას, რამაზ შენგელიას, თენგიზ სულაქველიძეს, თამაზ კოსტავას, ზაურ სვანაძეს, რევაზ ბურკაძეს, ალექსანდრე კვერნაძეს, მიხეილ კვერნაძეს, სერგეი შვეცოვს, გია კვასხვაძეს, ნოდარ ჭელიძეს.

1978 და 1981 წლებში "ტორპედოს" აღზრდილი  თავდამსხმელი რამაზ შენგელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული

1990 წლიდან გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მონაწილეა. 1990-1992 წლებში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით.

ეროვნული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში გუნდის სახელით ყველაზე მეტი მატჩი - 261 კახა კვეტენაძემ ჩაატარა, ყველაზე მეტი ბურთი - 104 ზურაბ იონანიძემ გაიტანა.

მოპოვებული ტიტულები

საქართველოს 3-გზის ჩემპიონი - 1999-2000, 2000-2001, 2001-2002;

3-გზის ვერცხლის პრიზიორი  - 1998-1999, 2002-2003, 2004-2005;

4-გზის ბრინჯაოს პრიზიორი - 1991, 1993-1994, 2011-2012, 2012-2013;

საქართველოს თასის 3-გზის მფლობელი - 1998-1999; 2000-2001; 2016

                                      4-გზის ფინალისტი - 1999-2000, 2001-2002, 2003-2004, 2010-2011

თურქმენეთის პრეზიდენტის თასის მფლობელი - 2001

1998 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა ევროპულ საკლუბო ტურნირებში, მათ შორის 3-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

საუკეთესო შედეგებს ეროვნულ სარბიელზე კომპანია „არგომარ ოილის“ სპონსორობის პერიოდში მიაღწია.

2007-2008 წლების სეზონში ფინანსური პრობლემების გამო გუნდი უმაღლეს ლიგას ჩამოცილდა და 3 სეზონი პირველ ლიგაში თამაშობდა.

2010-2014 წლებში „ტორპედო“ კომპანია „ვისოლის“ მფლობელობაში გახლდათ.

2015 წლიდან ქუთაისის მერიის მიერ ფინანსდება.