დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი
მეოთხედფინალი
19 ოქტომბერი. ვანი. „გრიგოლ ნიკოლეიშვილი“. 15 საათი
„სულორი“ ვანი - „ტორპედო“ ქუთაისი - 0:1(0:0)
„სულორი“: ხურციძე, შენგელია, ნიკოლაძე, კილაძე, ჭანკვეტაძე, ივანიაძე (ამბროლაძე, 86), შეწირული (სამსეიშვილი,54), ჭრელაშვილი, ნ. კვასხვაძე, როხვაძე (ფირანაშვილი,85), გ. ჩხეტიანი (კაპ.)
სათადარიგონი: ღვინიანიძე, ხელაძე, გ. ბრეგვაძე, გვეტაძე,
მთ. მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი
„ტორპედო“: რ. კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი, ფალავანდიშვილი, დოლიძე, ბაბუნაშვილი (ნერგაძე,87), თ. ბრეგვაძე (ენდელაძე,59), კაპანაძე (კვერნაძე,78)
სათადარიგონი: მაქსიმე ქვილითაია, კოლინი, საღრიშვილი, მესხი
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლი: 0:1 კვერნაძე (83)
გაფრთხილება: როხვაძე (57)
მსაჯები: ჯენერი ხორავა (ხობი); არჩილ კოკაია (მარტვილი), დავით ახვლედიანი (თბილისი); გიორგი ვარდიძე (თბილისი}

არახალი ამბავია, სათასო დაპირისპირებებმა, როგორც წესი, უმცროს-უფროსი არ იციან და არცთუ იშვიათად ხდება, რანგით მაღალ გუნდს დაბალთან უხდება ფარხმლის დაყრა.
საქართველოს თასის ერთ-ერთ მეოთხედფინალურ მატჩში დღეს სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პირველლიგელმა მარტვილის „მერანმა“ შეხვედრის დამატებით დროში აჯობა ფოთის „კოლხეთი 1913“-ს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
პირველი და უმაღლესლიგელი კლუბები ხვდებოდნენ ვანშიც, ოღონდ აქ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მართალია,“სულორმა“ ძალა არ დაზოგა, დიდი ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხებული დარჩა. მასპინძლები 80 წუთზე მეტს ინარჩუნებდნენ საკუთარ კარს უსაფრთხოდ, თუმცა...
პირველ ტაიმში „ტორპედოს“ უპირატესობა საგრძნობი იყო და მასპინძლებიც რამდენჯერმე გადაურჩნენ გოლს. მე-6 წუთზე გიორგი ქიმაძის გადაცემის შემდეგ გრიგოლ დოლიძის დარტყმული აცდა მიზანს. ცოტა ხანში თორნიკე კაპანაძემ საჯარიმიოს შიგნიდან ეფექტური „მაკრატელათი“ სცადა გატანა, მაგრამ ვანელთა მეკარემ იმარჯვა. მერე ისევ კაპანაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე - ამჯერად მას კარში მცველმა, ივანე კილაძემ არ დაარტყმევინა. შემდეგ „სულორი“ ძელმა იხსნა, როცა მეკარისგან წამოსული ბურთი აისხლიტა.
30-ეწუთზე აშკარა საფრთხეს უკვე სტუმრები გადაურჩნენ. როდესაც გიორგი გურულმა ამირან როხვაძის დარტყმული კუთხურზე გადააგდო. შესვენებამდე ტორპედოელებს კიდევ ჰქონდათ დაწინაურების შანსი. 37-ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძე სახიფათოდ ურტყამდა კარში, მაგრამ ბურთმა ვანელი მცველისგან კუთხურზე ირიკოშეტა. ამის შემდეგ დავით ხურციძე გაისარჯა კარგად. “სულორის“ კიპერმა ვაჟა ტაბატაძის და დოლიძის მიერ დარტყმული ბურთები მოიგერია.
მე-2 ნახევარიც სტუმართა იერიშებით დაიწყო და კაპანაძე ზედიზედ ორჯერ აღმოჩნდა გასატან პოზიციაზე, თუმცა ორჯერვე მეკარემ იხსნა თავისი გუნდი.
მერე დაახლოებით 20 წუთი ინიციატივას ვანელები ფლობდნენ, ისინი ხშირად და დიდი ძალებით უტევდნენ, თუმცა რეალურ საფრთხეს როინ კვასხვაძის კარს ვერ უქმნიდნენ. თამაშის ბოლოსკენ კი ისევ ტორპედოელები გააქტიურდნენ. 83-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა ჩინებული გადაცემა გაუკეთა შეცვლაზე გამოსულ ოთარ კვერნაძეს, რომელმაც მარცხენა ფრთიდან შეაღწია საჯარიმოში და საკმაოდ მახვილი კუთხიდან დალაშქრა მასპინძელთა კარი. ხუთ წუთში კვერნაძეს მეორედ შეეძლო თავის გამოჩენა, ოღონდ ავთო ენდელაძისგან მიღებული ბურთი ხარიხას გადააცილა...
სტუმრებმა სასურველ გამარჯვებას მიაღწიეს. თასის ნახევარფინალში „ტორპედო“ , როგორც უკვე აღვნიშნეთ,“მერანი“ და მათთან ერთად, თბილისის “დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ გავიდნენ. დინამოელებმა “ლოკომოტივს“ 3:1 მოუგეს, ხოლო საჩხერელებმა მატჩის უგოლო ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ პენალტების სერიაში აჯობეს „სამტრედიას“.