საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა, მე-9 ტური
15 ოქტომბერი. ქუთაისი. „რამაზ შენგელია“. 19 საათი
„ტორპედო“ ქუთაისი - „ლოკომოტივი“ თბილისი - 3:0 (2:0)
„ტორპედო“: კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, დოლიძე (კვერნაძე,77), მამასახლისი, ფალავანდიშვილი, ტუღუში (ბენაშვილი,83), ბაბუნაშვილი (საღრიშვილი,67), კაპანაძე
სათადარიგონი: მაქსიმე ქვილითაია,, ნერგაძე, მესხი, ბრეგვაძე
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
„ლოკომოტივი“: თევდორაძე, ფოფხაძე, ჩიტეიშვილი (სამურკასოვი,38), ჭანტურია, გეთიაშვილი, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე (გავაშელიშვილი,56), ცხადაძე, ზარანდია (ჩაგელიშვილი,70), უბილავა (კაპ)
სათადარიგონი: კუპატაძე, კიკაბიძე, ქიქავა, მახარაძე,
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გოლები: 1:0,2:0 მამასახლისი(15-პენ, 34- პენ), 3:0 გეთიაშვილი (62, საკ. კარში)
გაფრთხილბა: ჭანტურია (15), კაპანაძე (23), კლიმიაშვილი (38), ფალავანდიშვილი (45), ზარანდია (60)
მსაჯები: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი), დავით ჩიგოგიძე (სამტრედია), დავით გაბისონია (ზუგდიდი); გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)
“თამაში თავიდანვე ”ტორპედოს“ უპირატესობით დაიწყო და 90 წუთი ასე გრძელდებოდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დავმარცხდით“ - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა დამრიგებელმა ჟერარდ სარაგოსამ. ესპანელი სპეციალისტის მსგავსად, ალბათ, არც არავის სხვას ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი ამ თამაშის შედეგის კანონზომიერებაში.
მართლაც, ტორპედოელებმა დიდი შემართებით, საოცრად მობილიზებულად ჩაატარეს მათთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და ალალად შეირგეს 3 ქულა. დიახ, „ლოკომოტივთან“ მოპოვებულმა სამმა ქულამ ქუთაისელებს „თეთრ“ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე ადგილიდან მეოთხეზე გადანაცვლების შესაძლებლობა მისცა. ასე იცის მონდომებამ, გამარჯვების წყურვილმა, გულშემატკივრის დაფასებამ...
მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას და გააზრებული მოქმედებებით მეტოქეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ. ანგარში მე-14 წუთზე გაიხსნა. რკინიგზელთა მცველი ნიკა ჭანტურია იძულებული შეიქნა საკუთარ საჯარიმოში აკრძალული ილეთი გამოეყენებინა ოლეგ მამასახლისის შესაჩერებლად და არბიტრმა უყოყმანოდ მიათითა 11-მეტრიანი ნიშნულისკენ. პენალტი თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა.
მოხდა ისე, რომ მასპინძლებმა, მეორე გოლიც 11-მეტრიანიდან მიითვალეს. ბექა ტუღუშის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გიორგი ქიმაძე შეიჭრა სახიფათოდ მეტოქის საჯარიმოში და ისიც მცველის დახმარებით წაიქცა. მამასახლისმა ამჯერადაც ზუსტად დაარტყა და 2:0.
ტორპედოელებს პირველ ტაიმში პენალტების გარეშეც მართებდათ გატანა, მაგრამ გუგა ფალავანდიშვილის და ქიმაძის (ორჯერ) სახიფათოდ დარტყმულები მიზანს აცდა.
რევაზ თევდორაძის კართან საგოლე მომენტების ნაკლებობა არც შესვენების შემდეგ იგრძნობოდა. 50-ე წუთზე ფალავანდიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ამის შემდეგ რკინიგზელებმა ზედიზედ ორჯერ ძლივს დაიცვეს თავი ქიმაძის სახიფათო გარღვევებისგან, თუმცა მესამე შემთხვევაში აღარ გაუმართლად და ქიმაძის მიერ მარცხნიდან კარის გასწვრივ დარტყმული ბურთი გიორგი გეთიაშვილმა ბადეში ჩაჭრა.
მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, კერძოდ, თორნიკე კაპანაძეს, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული თევდორაძემ მოიგერია, მეორედ კი ტორპედოელთა შემტევი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ ოდნავ შეყოვნდა იერიშისას და შანსიც დაიკარგა...
როგორც ვთქვით, ტორპედოელებმა უაღრესად საჭირო სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
19 ოქტომბერს „ტორპედოს“ თასის მეოთხედფინალის მატჩი უწევს ვანში, პირველლიგელ „სულორთან“