საქართველოს 28- ე ეროვნული ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა, მე -11 ტური
29 ოქტომბერი. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 15 საათი
„ჩიხურა“ საჩხერე - „ ტორპედო“ ქუთაისი - 2:1 (0:0)
„ჩიხურა“: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, ლობჟანიძე (კაკუბავა,89), ტატანაშვილი, ლექვთაძე (სარდალიშვილი,72), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (გვალია,46), კაშია (კაპ), გორგიაშვილი, რეხვიაშვილი
სათადარიგონი: სეფიაშვილი, მუმლაძე, კორიფაძე, დეკანოიძე
მთ. მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე
„ტორპედო“: კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული ქიმაძე, მამასახლისი (კაპანაძე,86), ფალავანდიშვილი, დოლიძე, ბაბუნაშვილი (ნერგაძე, 79), ტუღუში, კვერნაძე (კუჭუხიძე,60)
სათადარიგონი: მამუკა ქვილითაია, საღრიშვილი,ბენაშვილი, ენდელაძე,
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლი: 0:1 მამასახლისი (63-პენ), 1:1 გორგიაშვილი (65), 2:1 ჩიკვაიძე (84)
გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (47), ჩიკვაიძე (54)
მსაჯები: ლაშა სილაგავა, ზაზა მენთეშაშვილი, გიორგი ელიკაშვილი, დავით ხარიტონაშვილი (ყველა თბილისი)
„თეთრი“ ჯგუფის ლიდერ „ჩიხურასთან“ ივანწმინდიდან გორში გადატანილი გასვლითი მატჩი უიღბლო გამოდგა ტორპედოელთათვის. მათ წააგეს და ისევ დაიმძიმეს სატურნირო მდგომარეობა. რაც შეეხება საჩხერელებს, გამარჯვებამ მათ ვადამდე მოაპოვებინა საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის უფლება.
პირველი ტაიმი ძირითადად პოზიციურ ბრძოლაში მიმდინარეობდა და არცთუ სანახაობრივი გამოდგა. მიუხედავად ამისა, ორივე კართან მაინც შეიქმნა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი. პირველი დარტყმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჩხერელმა თორნიკე გორგიაშვილმა განახორციელა, თუმცა მიზანში ვერ მოახვედრა და მალევე ირაკლი ლექვთაძეს მიეცა გატანის შესაძლებლობა, მაგრამ როინ კვასხვაძემ გაისარჯა ჩინებულად, ათიოდე მეტრიდან დარტყმული უძნელესი ბურთი მოიგერია.
შუა ტაიმში გრიგოლ დოლიძე შორიდან დაემუქრა „ჩიხურას“ კარს - ბურთი ხარიხას გადაცდა. შემდეგ გუგა ფალავანდიშვილი ზედიზედ აღმოჩნდა კარგ პოზიციაზე. მან ჯერ მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, ოღონდ უშედეგოდ, მეორე შემთხვევაში კი მახვილი კუთხიდან ახლო ძელთან დაურტყა დინო ჰამზიჩს, რომელიც ადგილზე დაუხვდა ბურთს.
მე-2 ნახევარის დასაწყისი ქუთაისელთა იერიშებით აღინიშნა. ოთარ კვერნაძე, დოლიძე, ბექა ტუღუში ურტყამდნენ საჩხერელთა კარისკენ, ანრი ჭიჭინაძეც სახიფათოდ ჩაერთო ერთ-ერთ შეტევაში, თუმცა ყველა მომენტი გამოუყენებელი დარჩა. მერე იყო და კვასხვაძემ ისევ გადაარჩინა თავისი გუნდი, როდესაც საბა ლობჟანიძის დარტყმულზე მოახდინა სწრაფი რეაგირება.
63-ე წუთზე ტორპედოელებმა მორიგი შეტევა განახორციელეს. ტუღუშმა მარცხენა ფრთიდან ბურთი საპირისპირო მხარეს გადაიტანა, მცველისგან ბურთი დოლიძეს მიუვიდა, რომელმაც უმალ საჯარიმოში შესულ ოლეგ მამასახლისს უპასა, ვის შესაჩერებლადაც აკრძალული ხერხი იქნა გამოყენებული და არბიტრმა 11-მეტრიანით დასაჯა საჩხერელები. მამასახლისმა უნაკლოდ შეასრულა პენალტი და „ტორპედო“ დააწინაურა, ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, არცთუ დიდი ხნით. ორ წუთში, საჩხერელთა სწრაფი შეტევის შედეგად, გორგიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.
69-ე წუთზე ქუთაისელებს ისევ შეეძლოთ წინ გასვლა. ფალავანდიშვილმა კარგად შეასრულა საჯარიმო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.
ბოლოსკენ თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თამაში ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ტორპედოელებს ძვირად დაუჯდათ დაცვაში „ჩავარდნა“. 84-ე წუთზე ლაშა ჩიკვილაძის გოლმა „ჩიხურას“ მოუტანა გამარჯვება.
როგორც აღვნიშნეთ, ამ მარცხმა კვლავ გაურთულა სატურნირო მდგომარეობა ტორპედოელებს, რომელთა რიგებში პირველად ითამაშა ლაშა კუჭუხიძემ. იმასაც ვიტყვით, მატჩის ბოლოსკენ თორნიკე კაპანაძე სიცხიანი გავიდა მინდორზე. რაც შეეხება მაქსიმე ქვილითაიას, ის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო არ გახლდათ გუნდის განაცხადში.