კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

XIV ტური: დამაჯერებელი გამარჯვება “სამტრედიასთან’

9 ივნისს, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის XIV ტურის მატჩი გაიმართა, სადაც “სამტრედიამ” “ტორპედოს” უმასპინძლა.

უხვგოლიან იმერულ დერბიში, გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა – 4:1. ტორპედოელებს ანგარიშის გახსნა მატჩის დასაწყისშივე შეეძლოთ, მაგრამ მიხეილ სარდალიშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ლევან კუტალიას ბურთი გაექცა… რამდენიმე წუთში, სარდალიშვილმა კიდევ ერთი ლამაზი პასით გრიგოლ დოლიძეს შეუქმნა მომენტი, თუმცა ამ უკანასკნელს მიზანმა უმტყუვნა.

პირველი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, როცა შორიდან ძლიერად მერაბ გიგაურმა დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. “ტორპედომ” შეტევები განაგრძო და 34-ე წუთზე, ვაჟა ტაბატაძის ჩაწოდების შემდეგ, ლევან კუტალიამ თავური დარტყმით სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ, სამტრედიელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ზაურ ხაბეიშვილმა ერთი გოლი გაქვითა.

მეორე ტაიმში კვლავ “ტორპედო” აქტიურობდა, რაც ორ გატანილ გოლში აისახა. 67-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის ნაცვლად კახა ჩხეტიანმა მოედანზე ევგენი ბოხაშვილი შეიყვანა, რომელმაც შესვლიდან 11 წუთში, გრიგოლ დოლიძის პასის შემდეგ “ტორპედოს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ბოხაშვილს მატჩის დასრულებამდე კიდევ ჰქონდა მომენტი, მაგრამ დუბლის გაფორმება ვერ მოახერხა.

მატჩის მიწურულს, 93-ე წუთზე ბოლო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აქტიურობდა და, შეიძლება ითქვას, რომ გოლიც დაიმსახურა. საბოლოოდ, 4:1 “ტორპედოს” სასარგებლოდ!

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, მიხეილ აშვეთიამ: “ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და დასახული ამოცანა შესრულებულია. პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, გაშვებულმა გოლმა ცოტა აგვრია, თუმცა დავლაგდით, მესამე გოლი გავიტანეთ და თამაშის სადავეები კვლავ ხელთ ვიგდეთ”.

კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემაც, რომლისთვისაც ეს “ტორპედოს” მაისურით მე-100 ოფიციალური მატჩი იყო: “რთული თამაში გამოვიდა. მოედნის მდგომარეობიდან გამომდინარე, აქცენტს ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთზე ვერ გააკეთებდით, აქ მთავარი შედეგი იყო, ჩვენც სწორედ ამაზე ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.

როცა “ტორპედოს” კაპიტანი ხარ, პასუხისმგებლობა გეზრდება. მიხარია ყველა ის წარმატება, რომელიც “ტორპედოსთან” ერთად მქონდა და ვიცი, წინ კიდევ არაერთი წარმატება მელის ამ კლუბთან ერთად!”.

ამრიგად, “ტორპედოს” 21 ქულა დაუგროვდა და 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

შემადგენლობა “სამტრედიასთან”: კვასხვაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი (წიქარიძე, 84), გიგაური, სარდალიშვილი (კუხიანიძე, 60), კუტალია, დოლიძე, კაპანაძე (ბოხაშვილი, 67).

https://www.facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/videos/1786092241449697/

10 ივნისი, 2018