კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

XI ტური: მნიშვნელოვანი გამარჯვება “რუსთავთან”

12 მაისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედომ” ეროვნული ლიგის XI ტურის მატჩი “რუსთავის” წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ შეხვედრაში, მეტოქეს 2:1 მოუგო.

ამ ტურამდე ორივე გუნდს თანაბარი, 14-14 ქულა ჰქონდა და გამარჯვება ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც მატჩის მიმდინარეობაზეც აისახა. მატჩი აქტიურად რუსთაველებმა დაიწყეს და მალევე დაწინაურდნენ – მე-10 წუთზე სტუმრები წინ ბათრაზ ხადარცევმა გაიყვანა. შემდეგ 5-წუთიან (22 და 27 წთ) მონაკვეთში იყო ორი ყვითელი და ტარას ცარიკაევის გაძევება – ჯერ გრიგოლ დოლიძესთან კამათის გამო, შემდეგ – დოლიძეზე უხეშობისთვის.

ამ მომენტიდან მატჩის სადავეები ხელთ “ტორპედომ” იგდო და მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს მწვავედ უტევდა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ორი ცვლილება გააკეთა: მოედანზე თენგიზ წიქარიძისა და მერაბ გიგაურის ნაცვლად გიორგი კუხიანიძე და ჯაბა ლიპარტია გამოჩნდნენ.

“ტორპედომ” გააგრძელა შეტევები და მიზანს 72-ე წუთზე მიაღწია: თორნიკე კაპანაძის დარტყმული ბურთი, რუსთაველთა მცველმა კარიდან ხელით გამოიტანა, მსაჯმაც პენალტი დანიშნა და… გიორგი კუხიანიძემ გაათანაბრა!

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე დაფიქსირდა და ეს ლევან კუტალიამ გააკეთა, რომელიც 4 გატანილი გოლით მიმდინარე სეზონში “ტორპედოს” ბომბარდირია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კახა ჩხეტიანმა: “ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. ცუდად დავიწყეთ, შემდეგ კი უპირატესობა ხელთ ვიგდეთ და მეორე ტაიმში მომენტებიც შევქმენით. ვფიქრობ, სამართლიანად მოვიგეთ.

ბიჭებს მადლობას ვუხდი და მათ გასახდელში ვუთხარი კიდეც, რომ ის გული და სული, რომელიც წინა წელს იგრძნობოდა, სწორედ ის იყო დღეს. მათ მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს.

მადლობა ასევე ჩვენს ფანებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ვმარცხდებოდით, მთელი მატჩი არ გაჩერებულან და გუნდს სტიმულს გვაძლევდნენ. მათი დამსახურება დიდია და მადლობა უფალს, ვის გარეშეც ჩვენ ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლია!”

კომენტარი გააკეთა ლევან კუტალიამაც: “პირველი ტაიმი ვერ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა, კაცის გაძევების შემდეგ, “რუსთავი” დაცვაში ჩაჯდა, სივრცეები შეიზღუდა, თუმცა მოვახდინეთ კონცენტრაცია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და მეტოქეს დამსახურებულადაც მოვუგეთ!”

ამ გამარჯვებით “ტორპედოს” 17 ქულა დაუგროვდა და 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილეა. მომდევნო შეხვედრას კი გუნდი უკვე 20 მაისს, თბილისში, “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.

შემადგენლობა “რუსთავთან”:  როინ კვასხვაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, თორნიკე გრიგალაშვილი (ვაჟა ტაბატაძე, 68), გიორგი ქიმაძე, ოლეგ მამასახლისი, მერაბ გიგაური (ჯაბა ლიპარტია, 46), თენგიზ წიქარიძე (გიორგი კუხიანიძე, 46), გრიგოლ დოლიძე, ლევან კუტალია, თორნიკე კაპანაძე.

13 მაისი, 2018