კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

X ტური: “ტორპედომ” გორიდან ქულა წამოიღო

6 მაისს, “ტორპედომ” საქართველოს ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩი სტუმრად გორში, “დილას” წინააღმდეგ გამართა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

თუკი პირველ ტაიმში უფრო მეტად “ტორპედოს” ფეხბურთელები აქტიურობდნენ, მეორე ტაიმში ინიციატივა ხელთ მასპინძლებმა იგდეს. შეხვედრის 36-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში თენგიზ წიქარიძე წააქციეს, მატჩის მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა კი “ტორპედოს” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. როგორც წესი, პენალტებს “ტორპედოში” გიორგი კუხიანიძე ასრულებს, თუმცა ამჯერად  დარტყმა მან ოლეგ მამასახლისს ანდო და ამ უკანასკნელმაც ზუსტად დაარტყა – 1:0!

გორელებმა ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრეს – თავი ლეანდრო რიბეირომ გამოიჩინა. შედეგად, ფრე, 1:1!

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა: “ნამდვილად დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ჩემი აზრით, სტადიონზე მრავლად მოსულმა გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით სანახაობრივი ფეხბურთი იხილა.

ჩვენს ჩემპიონატში “დილა” ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია და ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფ ფეხბურთელს სივრცეები შეუზღუდო, რაც, ჩვენს ფეხბურთელებს გამოუვიდათ. დასანანი გოლი მივიღეთ და ფრე ლოგიკური შედეგი იყო. 12-ში შემდეგი მატჩი გვაქვს და ახლა ამ შეხვედრისთვის უნდა დავიწყოთ მზადება.

როინ კვასხვაძეს სამი დღეა მაღალი სიცხე აქვს, რის გამოც დღეს მისი შეცვლა მაქსიმე ქვილითაიას მოუწია და მან ეს კარგად მოახერხა. მთლიანად, მთელ გუნდს ბრძოლისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მადლობა ასევე ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულა და რომელიც სულ ჩვენს გვერდითაა!”

“ტორპედოს” 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი უკვე შინ, ქუთაისში, 12 მაისს გამართავს და მეტოქედ “რუსთავი” ეყოლება, რომელიც ამდენივე ქულით ცხრილში მეექვსეა. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

“ტორპედომ” “დილასთან” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: მაქსიმე ქვილითაია, გიორგი გურული, დავით ხურცილავა, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი ქიმაძე, ოლეგ მამასახლისი, მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე (ჯაბა ლიპარტია, 83), თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე, 63), გრიგოლ დოლიძე (ვაჟა ტაბატაძე, 76), ლევან კუტალია.

07 მაისი, 2018