კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

2:0 მინსკის დინამოსთან – ტორპედომ თურქეთში მეორეც მოიგო

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ტორპედომ” 7 თებერვალს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ისევ იმარჯვა. ტორპედოელთა მეტოქე ამჯერად მინსკის “დინამო” იყო.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა სასტარტო შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომლებმაც წინა დღეს “აკადემია პანდევთან” ნაკლები დატვირთვა მიიღეს, ხოლო ისინი, ვინც წინა დღეს საკმარისად დაიტვირთნენ, მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდნენ.

მატჩი “ტორპედოს” აქტიურობით დაიწყო. ფეხბურთელები აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ, რაც მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, კარში მე-12 წუთზე პირველი დარტყმა “დინამომ” განახორციელა, თუმცა მაქსიმე ქვილითაია ბურთს იოლად დაეუფლა.

მე-17 წუთზე გოლის გატანა შეეძლო შალვა ბურჯანაძეს, რომლის თავური დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. 3 წუთში ანრი ჭიჭინაძემ და თორნიკე კაპანაძემ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს: ჭიჭინაძეს, რომელიც ამ მატჩში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, მეკარემ აუღო, კაპანაძეზე კი იუხეშეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც “ელვამ” თავადვე შეასრულა. მეკარემ კუთხე გამოუცნო, მაგრამ… 1:0!

მალევე “ტორპედომ” მეტოქეს მეორე გოლიც გაუტანა. შორი მანძილიდან მერაბ გიგაურმა დაარტყა და ლამაზი გოლიც გამოუვიდა… პირველ ტაიმში გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ თენგიზ წიქარიძეს, ანრი ჭიჭინაძეს, მაგრამ მათ მიზანმა უმტყუვნა, რიჩარდ ლუკას ჯარიმას კი დინამოელთა მეკარე გაუმკლავდა.

მომენტები “ტორპედოს” არც მეორე ტაიმში აკლდა, მაგრამ უშედეგოდ… საბოლოოდ, 2:0! მომდევნო მატჩს “ტორპედო” 9 თებერვალს სერბული “რადის” წინააღმდეგ გამართავს.

შემადგენლობა: მაქსიმე ქვილითაია, დავით ხურცილავა, შალვა ბურჯანაძე, ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე, მერაბ გიგაური, ანრი ჭიჭინაძე, გრიგოლ დოლიძე, თენგიზ წიქარიძე, რიჩარდ ლუკა, თორნიკე კაპანაძე.

ცვლილებაზე შევიდნენ: მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ვახტანგ ბოჭორიშვილი. გიორგი ქიმაძე, ამბროსი ჩაჩუა, ნოდარ ქავთარაძე, თამაზ შარვაშიძე,ბუდუ ზივზივაძე.

08 თებერვალი, 2019