კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

“წყნარად ყოფნის არც საშუალება გვაქვს და არც – უფლება!”

ფარერების ჩემპიონ “ვიკინგურთან” გამარჯვების (3:0) შემდეგ, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მატჩის შეფასება
– გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა და განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ანგარიშით იგებ. გვქონდა კიდევ 4-5 მომენტი, სადაც გატანა შეგვეძლო, თუმცა, სათქმელია, რომ მომენტი მეტოქესაც ჰქონდა და რომ გაეტანათ, არავინ იცის, მატჩი როგორ დასრულდებოდა…  მთლიანობაში, კარგი თამაში გამოვიდა. რთულია, ეთამაშო გუნდს, რომელიც მთელი მატჩი დაცვაში დგას. იგრძნობოდა შეუთამაშებლობის მომენტიც, თუმცა ეს დროის საკითხია.

კარგი ანგარიშია 3:0, მაგრამ წყნარად ყოფნის საშუალება და უფლება არ გვაქვს. წინ განმეორებითი მატჩია და იქაც უნდა მოვიგოთ!

ლეგიონერები
– როგორც ვთქვი, ლეგიონერები ჯერ სასურველ ფორმაში ვერ არიან, რადგან უცხოეთში ჩემპიონატები მაისში დასრულდა და ფიზიკური მომზადება აკლიათ. დარწმუნებული ვარ, დრო და დრო შეთამაშდება ეს გუნდი და გაცილებით ძლიერები ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ. ის, რომ ყველა მოტივირებულია, ამას თქვენც შეამჩნევდით. ჩემთვის რაც მთავარია, გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ხარისხის გაუმჯობესების გარანტია.

განმეორებით მატჩზე
– ყველაფრისთვის  მზად უნდა ვიყოთ. 30-ში მივემგზავრებით და იქაც, მოსაგებად! ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ ვაპირებთ, პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა გავიტანოთ. თანაც, იქ შეგვიტევენ, სივრცეები გაეხსნებათ, ეს კი თამაშს გაგვიმარტივებს.

როდესაც გუნდი დაცვაში ზის, ფლანგური შეტევები აუცილებლობაა, რასაც ვაკეთებდით კიდეც. პირველ ნახევარშიც ამას ვაკეთებდით მაგრამ, შეტევაში გვაკლდებოდა რაღაც. მეორე ტაიმში ყველაფერი გამოსწორდა.

მილოშ ლაჩნის დებიუტსა და ტრანსფერებზე
– მისთვის დღეს პირველი მატჩი იყო და საკმაოდ აქტიურადაც შევიდა. ჰქონდა მომენტები. ისიც, როგორც სხვები, შეთამაშდება და უკეთესი გახდება.

ტრანსფერები აღარ გვექნება. ვთვლი, რომ ეს გუნდი ძლიერია, რასაც სეზონიც დაგვანახებს.

შემდეგ მეტოქეზე
– მოდით, ჯერ ეს ბარიერი გადავლახოთ და შემდეგ მეტოქეზე მერე ვისაუბროთ. აგერ ვარ, სულ მზად ვარ სასაუბროდ და ცალკე პრესკონფერენციაც დავუთმოთ ამ თემას (იცინის).

მანამ, სანამ ამ ეტაპს არ დავძლევთ, საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემ შემდეგ მეტოქეზე ვისაუბრო.

27 ივლისი, 2018