კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

შოთა ბაბუნაშვილი: მადლობა ყველაფრისთვის!

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩია.

“7-8 წლის ვიყავი, “მართვეს” საფეხბურთო სკოლაში რომ მივედი. ჩემი პირველი მწვრთნელი ლევან ჯანელიძე იყო. “მართვეში” მწვრთნიდა მერაბ შანიძეც, რომელიც დღეს “ტორპედოს” ასაკობრივებში მუშაობს.

ეზოში ყველა ფეხბურთს თამაშობდა, სხვა გასართობი, სიმართლე გითხრათ, არც გვქონდა და გამონაკლისი არც მე ვიყავი. ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში და მამაჩემს ფეხბურთზე შეყვანა ვთხოვე. როგორც კი შანსი გაჩნდა, “მართვეში” მიმიყვანეს და იქიდან დაიწყო ყველაფერი…

ისე მოხდა, რომ “მართვედან” “ტორპედო 2”-ში გადავედი. მალევე, მთავარ გუნდთან კონტრაქტი გავაფორმე, თუმცა იმ წელს იჯარის წესით “სამგურალში” გამიშვეს. “ტორპედოში” მეორე წელსვე დავბრუნდი და ჩემპიონობაც ვიზეიმე.

პატარა ვიყავი, “ტორპედოსთან” ერთად პირველი ჩემპიონობა რომ ვიზეიმე. მაშინ ჩვენს გუნდში ძალიან გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ. რომ გითხრათ, ხშირად ვთამაშობდი და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა ზოგჯერ მეც მიწევდა თამაში. 2002 წელს ზედიზედ მეორედ ვიზეიმეთ ჩემპიონობა და აი, იმას, ვერაფერი შეედრება!

სასწაული – ამ ერთი სიტყვით შემიძლია გავიხსენო ის მატჩი. ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში ირკვეოდა და სტადიონზე იმდენად ბევრი ხალხი მოვიდა, ვერც კი ეტეოდნენ… ფეხბურთელებს იმ ხალხის გასახარად შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოგვევლინა. ისე მოხდა, რომ იმ მატჩში პენალტი გამოვიმუშავე, მალხაზ ასათიანმა კი გაიტანა და ჩემპიონობაც ჩვენ დაგვრჩა. ვერასდროს დავივიწყებ იმ დღეს…”

შეიძლება ითქვას, რომ მერეც კარგ გუნდებში მოვხვდი, რადგან “ტორპედოდან” “ტორპედომდე” კიდევ 4 ჩემპიონობა იყო. სულ ისეთ გუნდებში ვითამაშე, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. ჩემს კარიერაში ერთხელ იყო, როცა სათამაშოდ უცხოეთში, კერძოდ ისრაელში წავედი. დიდი ხნის გატარება არ მომიწია იქ… ისრაელში სულ რაღაც 6 თვე ვითამაშე. შემდეგ “ზესტაფონიდან” დამირეკეს და დაუფიქრებლად გადავედი. მიზეზი გია გეგუჩაძე იყო, რომელიც იმ პერიოდში “ზესტაფონს” წვრთნიდა. მასთან თამაში ძალიან მსურდა და…

როგორც ვთქვი, “ტორპედოს” შემდეგ წარუმატებელი კარიერა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ “ტორპედოში” დაბრუნება ჩემთვის მაინც საოცნებო იყო, რადგან ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია. ვოცნებობდი, დაბრუნების შანსი მომცემოდა… მინდოდა, ისევ აქ მეთამაშა და კარიერაც აქ დამესრულებინა.

ეს ოცნება ამიხდა, თანაც ისე, რომ კიდევ სამი ტიტული მოვიგე. “ტორპედოში” მანამდეც ბევრი კარგი მწვრთნელი მუშაობდა, მაგრამ კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ ერთ ოჯახად ვიქეცით, რომელმაც საქართველოში ყველაფრის მოგება შეძლო და თავისი სიტყვა უცხოეთშიც თქვა. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ზრდას გააგრძელებს და მალე უფრო დიდ გამარჯვებებს იზეიმებს.

ქუთაისელი გულშემატკივრის მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობდი. “ტორპედოს” წინააღმდეგ თბილისის “დინამოს” მაისურით ვითამაშე  და არ დამავიწყდება, როგორ მიკრავდნენ ტაშს ქუთაისელები. მაშინ მათგან განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი, რისთვისაც დღესაც მადლიერი ვარ… ისინი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გულშემატკივრისთვის ვითამაშე. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად არაერთი გამარჯვება ვიზეიმე… ბედნიერი ვარ, რომ ისეთ გუნდში ვითამაშე, რომელსაც თქვენნაირი გამორჩეული ხალხი ქომაგობს. მადლობა ყველაფრისთვის!

აზრადაც არ მომსვლია გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვა. ეს დღე რომ შედგება, კახა ჩხეტიანისა და “ტორპედოს” ხელმძღვანელობის დამსახურებაა, ვისი ინიციატივით და ორგანიზებითაც იმართება ეს ყველაფერი. მადლობა ჩხეტიანს და “ტორპედოს” პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას ამისთვის…

კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ ფეხბურთელთან მომიწია თამაში. იყვნენ ისეთებიც, ვისი მოწვევაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ ბოდიშს ვუხდი. 19-ში ის თაობა შეიკრიბება, რომელმაც 2000–2002 წლებში “ტორპედოს” სამი ჩემპიონობა მოუტანა”, – ამბობს ბაბუნაშვილი

18 ოქტომბერი, 2018