კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ტური XXV: დამაჯერებელი გამარჯვება ლიდერთან

23 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “ტორპედომ” საქართველოს ეროვნული ლიგის XXV ტურის შეხვედრა ჩემპიონატის ლიდერ “საბურთალოსთან” გამართა.

“ტორპედო” და “საბურთალო” მიმდინარე სეზონში აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ თბილისელებმა იმარჯვეს. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე კი ტორპედოელებს ამ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ.

მატჩი “ტორპედოს” აქტიურობით დაიწყო, რასაც სწრაფი გოლი მოყვა: მატჩის მე-14 წუთზე საჯარიმოში ბურთი გრიგოლ დოლიძემ ჩააწოდა, დასწრებაზე მცველებს გიორგი ქიმაძემ აჯობა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმში “ტორპედომ” კიდევ ორი გაიტანა. 75-ე წუთზე თორნიკე კაპანაძეს ლაზარ მარინმა უპასა, გამოსვლაზე საბურთალოელთა მეკარე შეცდა, რის შემდეგადაც კაპანაძეს გოლის გასატანად ბურთის ცარიელ კარში შეგორებაღა აკლდა – 2:0!

78-ე წუთზე გრიგოლ დოლიძის ნაცვლად მოედანზე არფანგ დაფე შემოვიდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც სენეგალელმა შემტევმა დააფიქსირა. მოედანზე შემოსვლიდან 6 წუთში, ლევან კუტალიას გადაცემის შემდეგ დაფე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 3:0!

ამ გამარჯვებით “ტორპედოს” 37 ქულა დაუგროვდა და მართალია, სატურნირო ცხრილში კვლავ მეხუთე ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ “ტორპედოს” 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული…

შემადგენლობა “საბურთალოსთან”: კვასხვაძე, კობახიძე, აზაცკი, მარინი, გეგეჭკორი, ცინცაძე, გიგაური, ქიმაძე (ჰლინკა, 73), დოლიძე (დაფე, 78), კუტალია, კაპანაძე (ლაჩნი, 85).

24 სექტემბერი, 2018