კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

სამიდან სამი – “ტორპედომ” სერბული “რადი” დაამარცხა

“ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში აგრძელებს. 9 თებერვალს ტორპედოელებმა მესამე ამხანაგური მატჩი სერბულ “რადთან” გამართეს და ესეც მოიგეს – 3:1!

შეკრების ფარგლებში პირველად, კახა ჩხეტიანმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ფორვარდი ერთად დააყენა – თორნიკე კაპანაძემ და ბუდუ ზივზივაძემ მეტოქის კარს პირველივე წუთიდან შეუტიეს. შემტევმა დუეტმა მალევე გაამართლა – მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, ასისტის როლში კი თორნიკე კაპანაძე მოგვევლინა. მიუხედავად გოლის გატანის კიდევ არაერთი მომენტისა, ტაიმი ასეც დასრულდა.

56-ე წუთზე გიორგი ქიმაძის პასის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ახალწვეულის ანგარიშზე 4 მატჩში უკვე 5 გოლია. 82-ე წუთზე რიჩარდ ლუკაზე უხეშობისთვის მსაჯმა “რადის” ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა, ჯარიმის შესრულება კი გრიგოლ დოლიძემ ითავა. დოლიძემ შესანიშნავად დაარტყა – 3:0!

4 წუთი რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, როცა მსაჯმა “ტორპედოს” კარში პენალტი დანიშნა… საბოლოოდ, 3:1!

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი 13 თებერვალს ლვოვის “კარპატის” წინააღმდეგ გამართავს.

შემადგენლობა: მაქსიმე ქვილითაია, მამუკა კობახიძე, დავით ხურცილავა, ლევან გეგეჭკორი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, მერაბ გიგაური, მათე ცინცაძე, ნოდარ ქავთარაძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე კაპანაძე, ბუდუ ზივზივაძე.

ცვლილებაზე შევიდნენ: ვაჟა ტაბატაძე, შალვა ბურჯანაძე, ანრი ჭიჭინაძე, ვახტანგ ნებიერიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ამბროსი ჩაჩუა, გრიგოლ დოლიძე, თამაზ შარვაშიძე, რიჩარდ ლუკა, თენგიზ წიქარიძე.

10 თებერვალი, 2019