კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ევროპალიგა: “ტორპედომ” “კუკესს” 5:2 მოუგო

9 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “ტორპედომ” ალბანური “კუკესის” წინააღმდეგ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა და საკმაოდ უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქეს 5:2 მოუგო.

ტორპედოელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, რაც სწრაფ გატანილ გოლებშიც აისახა. პირველ 15 წუთში გუნდის ათიანმა, გიორგი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა. კუხიანიძემ მესამე წუთზე ლაზარ მარინის, ხოლო მე-15 წუთზე გიორგი ქიმაძის პასით გაიტანა. 22-ე წუთზე ალბანელებმა სხვაობა კი შეამცირეს, მაგრამ მალევე, 28-ე წუთზე “ტორპედომ” უპირატესობა კვლავ ორ ბურთამზე გაზარდა. გიორგი კუხიანიძის შესანიშნავი პასის შემდეგ გოლი ლაზარ მარინმა გაიტანა.

“ტორპედო” ამაზე არ გაჩერებულა, განაგრძო შეტევები და 31-ე წუთზე ულამაზესი შორეული დარტყმით მეტოქის კარი გიორგი ქიმაძემ აიღო, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. რეალური საგოლე მომენტი შეექმნა მილოშ ლაჩნის, რომელსაც არ გაუმართლა და მისი ახლო მანძილიდან დარტყმული ხარიხას მოხვდა. ლაჩნი 67-ე წუთზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თორნიკე კაპანაძით შეცვალა. ცვლილებამ გაამართლა: 86-ე წუთზე “ელვამ” შესანიშნავი მოძრაობით 4 მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მასთან გამკლავება აღარ გასჭირვებია – 5:1!

ალბანელებმა 88-ე წუთზე მაინც შეძლეს გატანა. მსაჯმა “ტორპედოს” კარში პენალტი დანიშნა – 5:2. მატჩის მიწურულს, ალბანელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ “ტორპედოს” კაპიტანი, მეკარე როინ კვასხვაძე დამაჯერებელი იყო. საბოლოოდ, 5:2!

“ტორპედომ” გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.

“ტორპედოსა” და “კუკესს” შორის განმეორებითი მატჩი ალბანეთში 16 ივლისს გაიმართება.

შემადგენლობა “კუკესთან”: კვასხვაძე, აზაცკი, კობახიძე (ხურცილავა, 79), გეგეჭკორი, მარინი, ქიმაძე, ჰლინკა, ცინცაძე, კუხიანიძე, დოლიძე (დაფე, 72), ლაჩნი (კაპანაძე, 67).

10 აგვისტო, 2018