კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ევროპალიგა: დიდი ნაბიჯი მესამე ეტაპისკენ

26 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედომ” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა ფარერების ჩემპიონ “ვიკინგურთან” და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 მოუგო, რითაც მესამე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ტორპედოელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, რაც სტატისტიკაზეც აისახა: 23 კარში დარტყმა, 17 კუთხური…

მეტოქის კართან მომენტების შექმნა ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველივე წუთებიდან დაიწყეს და მატჩის მეორე წუთზე სტუმართა კარში თორნიკე კაპანაძემ დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. შემდეგ იყო მარეკ ჰლინკას ორი შორეული დარტყმა – ერთი მეკარემ აუღო, მეორე – ააცილა.

ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. კუთხურიდან მათე ცინცაძემ ჩააწოდა, ბურთი თორნიკე კაპანაძეს მიუვიდა, რომელმაც თავური დატყმით ჩვენი გუნდი დააწინაურა. მიუხედავად პირველ ტაიმში არაერთი შექმნილი მომენტისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები გასახდელში ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი ისევ “ტორპედოს” უპირატესობით წარიმართა. შეტევის გასაძლიერებლად, მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ორი ცვლილება განახორციელა: 46-ე წუთზე მცველ ლაზარ მარინის ნაცვლად მოედანზე  სლოვაკი ახალწვეული, ფორვარდი მილოშ ლაჩნი შეუშვა, 59-ე წუთზე კი არფანდ დაფეს ნაცვლად – გრიგოლ დოლიძე. ფაქტია, ცვლილებებმა გაამართლა და “ტორპედოს” შეტევები უფრო მწვავე გახდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დოლიძის გამორჩეული თამაში, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბევრი მომენტი შექმნა.

73-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ და გიორგი ქიმაძემ ერთმანეთში გაითამაშეს, რის შემდეგადაც ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. წერტილი მატჩს გუნდის ბომბარდირმა, ლევან კუტალიამ დაუსვა – 84-ე წუთზე გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ, კუტალიამ თავური დარტყით ანგარიში 3:0 გახადა!

განმეორებითი მატჩი ფარერებში 2 აგვისტოს გაიმართება.

27 ივლისი, 2018