კონტაქტი
მედია
სატურნირო ცხრილი
მატჩები
გუნდი
სიახლეები
კლუბი

ამხანაგური მატჩი: ტორპედო 5:1 დინამო (ბთ)

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე “ტორპედომ” 1-ელ თებერვალს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის “დინამოსთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს დიდი ანგარიშით, 5:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ “ტორპედოს” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც “ტორპედოსთან” 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დებიუტი ჰქონდა ასევე ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელ თამაზ შარვაშიძეს, ვაჟა ტაბატაძემ კი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დღეს პირველად ითამაშა.

მატჩი “ტორპედოს” აქტიურობით დაიწყო და მასპინძლებს შეხვედრაში დაწინაურება მესამე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ თენგიზ წიქარიძის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა გუნდის მეკარემ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. 6 წუთში მომენტი ნოდარ ქავთარაძეს შეექმნა, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი გადაცემა გუნდის ახალწვეულმა რიჩარდ ლუკამ გაუკეთა, მაგრამ ქავთარაძის დარტყმული კარს მცირე მანძილით აცდა. ერთ წუთში მომენტი თავად რიჩარდ ლუკას ჰქონდა – მისი შორეული დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ბათუმელებმა პირველი მომენტი მე-15 წუთზე შექმნეს. როინ კვასხვაძის კარში ნიკა საბანაძე ურტყამდა, მაგრამ ტორპედოელთა კაპიტნისთვის ამ ბურთის მოგერიება პრობლემას არ წარმოადგენდა. ოთხ წუთში საბანაძემ კიდევ ერთხელ დაარტყა – ბურთი კარს აცდა!

პირველი გოლი 33–ე წუთზე გავიდა. მარჯვენა ფლანგიდან ლევან გეგეჭკორმა იაქტიურა, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი დასწრებაზე ყველას თორნიკე კაპანაძემ აჯობა – 1:0!

36-ე წუთზე თავისი სადებიუტო გოლი ლამაზი დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია თენგიზ წიქარიძის საგოლე პასი… პირველი ტაიმი ასეც მორჩა!

მეორე ტაიმი კვლავ “ტორპედოს” შეტევების ფონზე წარიმართა. 52–ე წუთზე ლევან გეგეჭკორის შთამბეჭდავი დრიბლინგის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და “ტორპედოს” უპირატესობა სამამდე გაზარდა. 8 წუთში ზივზივაძემ აქტივში საგოლე გადაცემაც ჩაიწერა – გოლი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა!

65-ე და 66-ე წუთებზე ბათუმელთა კარში ლევან გეგეჭკორი და რიჩარდ ლუკა ურტყამდნენ, მაგრამ მიზანმა ორივეს უმტყუვნა. შედეგად, “ტორპედომ” გოლი თავის კარში მიიღო – ცვლილებაზე შემოსული მაქსიმე ქვილითაიას კარი ყოფილმა ტორპედოელმა, ნიკა საბანაძემ აიღო.

ძალიან აქტიური იყო ბუდუ ზივზივაძე და 90-ე წუთზე გოლსა და საგოლე გადაცემას მეორე გოლიც დაუმატა. საბოლოოდ, 5:1!

შემადგენლობა: კვასხვაძე (ქვილითაია, 46), კობახიძე (ბურჯანაძე, 78), ხურცილავა (ჭიჭინაძე, 75), სტიეპოვიჩი, გეგეჭკორი (ტაბატაძე, 78), გიგაური (ჩაჩუა, 77), ჩაჩუა (ცინცაძე, 46), ქავთარაძე (დოლიძე, 46), წიქარიძე (ქიმაძე, 46), რიჩარდ ლუკა (შარვაშიძე, 75), კაპანაძე (ზივზივაძე 46).

01 თებერვალი, 2019